მანანა კობახიძის აზრით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ რუსეთი მართალია

მანანა კობახიძის აზრით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ რუსეთი მართალია

პარლამენტის ვიცე-სპირკერის მანანა კობახიძის აზრით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ რუსეთი მართალია და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ინტერპრეტაცია მეორეხარისხოვანია.

ამის შესახებ კობახიძემ სერგეი ლავროვის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"ლავროვს რა თქმა უნდა, უფლება აქვს თავისი აზრი ჰქონდეს სააკაშვილზე, ახალ ხელისუფლებაზე, მაგრამ ჩვენ ორიენტირებული ვართ არა იმაზე, თუ ლავროვი რა განცხადებებს გააკეთებს, არამედ საქართველოს ინტერესებზე. ამ შემთხვევაში სააკაშვილის ქმედებას როგორ აფასებს ლავროვი მეორეხარისხოვანია, მთავარია ჩვენი საზოგადოება როგორ შეაფასებს. არ ვიცი აღიარებაში ლავროვი რას გულისხმობს, ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ 2008 წლის ომის შესახებ კითხვები არსებობს, ეს ეხება იმას, ხელისუფლების მოქმედებები რამდენად ადეკვატური იყო, როგორც აგვისტოში, ისე წინა პერიოდში, შესაბამისად, ეს არ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ რუსეთი მართალია. ის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე აგრესია განახორციელა და მისი ოკუპაცია მოახდინა, უაპელაციოა, ამ საკითხზე არავინ დაობს. საუბარია იმაზე, რომ საკუთარი ხელისუფლების მიმართ, როგორც საზოგადოებას, ასევე მოქმედ მთავრობას შეიძლება, კითხვები გააჩნდეს. მეორეხარისხოვანია ამას ლავროვი რა ინტერპრეტაციას მისცემს", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთის ჯარები საზღვარს გადმოკვეთდნენ.