მონიტორინგის კომიტეტი დაინტერესდა, რატომ არ გაითვალისწინა საქართველომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ნაწილი

მონიტორინგის კომიტეტი დაინტერესდა, რატომ არ გაითვალისწინა საქართველომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ნაწილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი დაინტერესდა, რატომ არ გაითვალისწინა საქართველომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტოდათ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებთან - ბორის სილევიჩთან და მაიკლ იენსენთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.

"ჩვენ გვქონდა საუბარი ორ საკითხზე, პირველი ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა სასამართლო რეფორმაში და მეორე თემა სასამართლოებში ხარვეზების დამდგენი კომისიის თაობაზე კანონპროექტი, რომელიც მზადდება. იყო მათი მხრიდან დასმული კითხვა და ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, გარდა ერთისა და რატომ არ მოხდა ამის გათვალისწინებაო. ეს რეკომენდაცია ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილებას, რომ დავაცადოთ მათ უფლებამოსილების განხორციელება ვადის ამოწურვამდე, პასუხი იყო მარტივი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არჩეულნი არიან არადემოკრატიული წესით, ეს აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაშიც, ჩვენ ვცვლით სისტემას არჩევის უფრო დემოკრატიული სისტემით და მაშინ რატომ უნდა ვითმინოთ კიდევ ორი სამი წელი. ჩვენ კი მოვითმენთ, მაგრამ მოითმენს ამას ჩვენი საზოგადოება?!"- განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მისაღები აღმოჩნა საპარლამენტო უმრავლესობის ეს განმარტება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტისთვის, ხმალაძის თქმით, ეს უკვე მათ ანგარიშში გამოჩნდება.