სავაჭრო ცენტრ ”საბაში” ხანძრის მიზეზებზე გამოძიება დასრულდა

სავაჭრო ცენტრ ”საბაში” ხანძრის მიზეზებზე გამოძიება დასრულდა

სავაჭრო ცენტრ "საბაში" კრიმინალისტების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ცეცხლი ელექტროენერგიას არ გამოუწვევია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო ცენტრის მფლობელმა პაატა კაჭარავამ განუცხადა. მისი თქმით, კრიმინალისტებმა დაასრულეს ცენტრში მუშაობა და მათგან დასკვნას ელოდება. 

"კრიმინალისტებმა დაამთავრეს მუშაობა. ოქმი ჯერ არ გადმოუგზავნიათ, თუმცა პირველადი მონაცემებით ვიცით, რომ ხანძარი ელექტროენერგიას არ გამოუწვევია. დასკვნაში სხვა რა წერია, ჯერ არ ვიცით", - განაცხადა კაჭარავამ.

მისივე თქმით, არის თუ არა ვინმე ეჭვმიტანილი, ჯერჯერობით, გამოძიებას მისთვის არ უთქვამს.

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, კაჭარავას თქმით, დაზარალებულთა ნაწილს თბილისის მერიისგან 2000 ლარი, სავაჭრო ცენტრისგან კი თავისუფალი ფართები უფასოდ გადაეცათ. გარდა ამისა, დაზარალებულებს სალარო აპარატები დაურიგდათ უსასყიდლოდ.

"რეალურად, 2000 ლარი ძალიან ცოტაა იმ ზარალისთვის რაც მათ მიიღეს. დაზარალებულები ვინც არიან შექმნეს საინიციატივო ჯგუფი. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ დახმარებას. დაახლოებით 151 კაცს მერია 2000 ლარით დაეხმარა, 164 კაცს კი სალარო აპარატები უფასოდ დაურიგდათ. ყველაზე მეტად დაზარალებული თავად სავაჭრო ცენტრია, თუმცა ჩვენ მათ დავეხმარეთ იმაში, რომ თავისუფალი ფართები უფასოდ მივეცით და არაფერს ვახდევინებთ. მოვაჭრეების ზარალმა დაახლოებით 1 300 000 ლარი შეადგინა, ხოლო საბა 3 800 000 ლარით დაზარალდა.

დამწვარი შენობა სულ დავანგრიეთ. მიდის ნაგვის გატანა. "კინო საქართველოსთან" კი მიმდინარეობს ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რომლის ფართებსაც ძირითადად დაზარალებულები დაიკავებენ", - აღნიშნა პაატა კაჭარავამ.

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ძლიერი ხანძარი 26 თებერვალს მოხდა, რის შედეგადაც 7000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია დაიწვა.