ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ პროკურატურის მოწმეების ჩვენებები გაყალბებულია, - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ადვოკატმა განმარტა, დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი მოწმის, ზურაბ გოგიჩაიშვილის ჩვენებაზე ხელი მოწერილი აქვს შალვა ალანიას, რაც ნიშნავს, რომ ჩვენებები გაყალბებულია.
პროცესზე აღნიშნული ხელმოწერის შესახებ თავად ალანიამაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა რომ ეს არის ტექნიკური შეცდომა.
პროცესის დასრულების შემდეგ დაცვის მხარის აღნიშნულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმაც. მისი განცხადებით, ერთი მოწმის ჩვენებაზე სხვა მოწმის ხელმოწერა ელემენტარული შეცდომა იყო. "არანაირ გაყალბებაზე ლაპარაკი არ არის. რამდენიმე ხანია, რაც გამოძიება გადასულია ელექტრონულ მეთოდზე. ადრე ჩვენება ხელით იწერებოდა, ახლა იბეჭდება. ხდება მათზე თარიღის ელექტრონული დასმა და ელექტრონული საქმის წარმოებით ერთვება სისხლის სამართლის საქმეში. ეს ელემენტარული შეცდომა იყო ელექტრონულ სისტემაში, როდესაც ბლანკზე ერთი მოწმის გვარით მიდის ჩვენება, ხოლო უფლებების განმარტების ადგილას ხელი მოწერილი აქვს სხვა მოწმეს. ეს არის ტექნიკური შეცდომა", – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა დაცვის მხარის გუშინდელ განცხადებებზე, რომ ბრალდების მხარის მოწმეებმა ჩვენება შეცვალეს. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ყველა მოწმემ, რომელიც სისხლის სმართლის საქმეში დაიკითხა, ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა.