ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის და მათთან ერთად ბრალდებული 6 პირის სასამართლო პროცესის არსებითი განხილვისას დღეს 5 პირი მოწმის სტატუსით დაიკითხა.
დაკითხულთა შორის იყო საქმეში დაზარალებულად ცნობილი პაატაშვილი, რომელმაც სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა ზურაბ შამათავამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა, რის შემდეგაც სამსახურიდან დაითხოვეს და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. მისი თქმით, იმ დღეს ოჯახის წევრებთანაც ვერ გამოჩნდა და მეგობართან გაათენა ერთი ღამე.
ასევე დაიკითხა პაატაშვილის მეგობარი გიორგი შოშიაშვილი, რომელთანაც პაატაშვილმა სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ერთი ღამე გაათენა. მოწმე შოშიაშვილის თქმით, პაატაშვილი მასთან ნაცემი და შოკირებული მივიდა.
დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხნენ სამხედრო პოლიციის ყოფილი გამომძიებელი ზურაბ გოგიჩაიშვილი და სამხედრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი კახა ესებუა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სამხედროებს შეურაცხმყოფელად აყვირებდნენ შეძახილით "გაუმარჯოს მეოთხე ბრიგადას" და ეს ხმები მათ ესმოდათ.
აღნიშნული მოწმეების ჩვენებებმა დაცვის მხარის პროტესტი გამოიწვია. კითხვები ესებუასა და გოგიჩაიშვილს თავად ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ და სხვა ბრალდებულებმაც დაუსვეს. ესებუა დაცვის მხარემ ტყუილში დაადანაშაულა, რომ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ასახული მოვლენების თარიღი განსხვავდება სასამართლოში დასახელებული თარიღისგან. ამ მოტივით კი დაცვის მხარის ადვოკატებმა ესებუას ჩვენების საქმიდან ჩამოშორება მოითხოვეს. აღნიშნულ ორ მოწმეს, ასევე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროს გამომძიებელს, მოწმე შალვა ალანიას, რომელიც ასევე ამბობს, რომ 2011 წლის სექტემბერში სამხედროებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ, დაცვამ დაუსვა შეკითხვები, თუ რატომ არ ამხილეს დანაშაულში და რატომ საუბრობენ ახლა ამაზე.
პროცესმა ხმაურით ჩაიარა. მოწმეებისთვის დასმული შეკითხვები არაერთხელ გახდა დაპირისპირებული მხარეების პროტესტის მიზეზი. დღესვე დაცვის მხარემ პროკურატურა მოწმეების მიმართ ზეწოლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. კერძოდ, ახალაიას და სხვა ბრალდებულების ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მოწმეებს სასამართლოში პოლიცია მიაცილებს, რაც მათზე ზეწოლის ნიშანია. აქედან გამომდინარე ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ საქმეს დაერთოს ვიდეომასალა, რომელიც სასამართლოს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. შუამდგომლობას შეეწინაღმდეგა პროკურორი. ბრალდების მხარემ განმარტა რომ პოლიციელების თანხლებით მოწმეების პროცესებზე მისვლა უსაფრთხოებიდან და წესრიგის დამყარებიდან გამომდინარე ხდება. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, წამების ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე ახალაიას, ზურაბ შამათავას, გიგი კალანდაძისა და სხვა ბრალდებულების სასამართლო პროცესი 10 აპრილს განახლდება.