უმცირესობამ

უმცირესობამ "სამოქალაქო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა

საპარლამენტო უმცირესობამ "სამოქალაქო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგიდან ამოღება და მასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციების გამართვა მოითხოვა. 

საუბარია განათლების სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე, რომლის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს სამართლებრივი ფორმის შეცვლის და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნის შესაძლებლობა ეძლევათ. საკითხი დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში მეორე მოსმენისთვის შევიდა.

როგორც დეპუტატმა სერგო რატიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ინიცირებული საკითხი მეტ ანალიზს, შეთანხმებასა და კონსულტაციებს მოითხოვს. პროექტის განხილვის გადადების წინადადებით გამოვიდა პავლე კუბლაშვილიც, რომლის თქმით, კანონპროექტის გათვალისწინებით, ყველა უმაღლეს სასწავლებელს, რომელიც არაკომერციული იურიდიული პირია შეუძლია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდეს. კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ "ეს მარტივად განსახილველი საკითხი არ არის და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პარლამენტმა ნაჩქარევად არ უნდა მიიღოს".

კანონპროექტის განხილვის გადადების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" წინადადება მთავრობამ არ გაიზიარა. ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი საჯაროდ განიხილებოდა და ნებისმიერ არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ამ პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა.
მთავრობა მიიჩნევს, რომ "კანონპროექტში დამატებით დასამუშავებელი არაფერია".