"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძემ განაცხადა, კანონპროექტში ცვლილება განიცადა იმ ნაწილმა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევას ეხება. მისივე თქმით, ამ ცვლილებით გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.
"ცვლილება განიცადა კანონპროექტმა იმ ნაწილში, რომელიც ეხება არამოსამართლე წევრების არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. იყო მცდელობა, რომ მიღწეული ყოფილიყო შეთანხმება უმცირესობასთან და საერთო ვარიანტი ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა ეს ვერ იქნა მიღწეული. მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ მაქსიმალურად მიგვეახლოებინა კანონპროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან, რადგან უზრუნველყოფილი იქნეს უმცირესობის ჩართულობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა არჩევაში, რომელსაც პარლამენტი ირჩევს. ახალი კანონპროექტით ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გათვალისწინებულია. პარლამენტის მიერ 6 წევრი აირჩევა 2/3-ით. იმ შემთხვევაში თუ პირველ ტურში ვერ მოხდება 2/3-ით არჩევა, მეორე და მესამე ტურში დასაშვებია ოთხი წევრის არჩევა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ ორი წევრი მაინც უნდა იყოს არჩეული უმცირესობის მონაწილეობითა და თანხმობით. უკეთესი ვარიანტი თუ როგორი უნდა იყოს უმცირესობის მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ და არც მათგან გვსმენია", - განაცხადა შავგულიძემ.
უმცირესობის წევრ პაატა ლეჟავას განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ ოპოზიციის მონაწილეობა სრულად იყოს გათვალისწინებული, ამ კანონპროექტით გათვალისწინებული არ არის.
"ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად არ არის გათვალისწინებული, რადგან ოპოზიციის მონაწილეობა იგულისხმება იმაში, რომ 2/3-ით უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. მათ მიერ შემოთავაზებული ვარიანტით, თუ პირველ შემთხვევაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული 2/3-ით, მათ შეუძლიათ იმავე ან მომდევნო სხდომაზე დააყენონ იგივე კანდიდატურები და უბრალო უმრავლესობით მიიღონ გადაწყვეტილება. აქ გამონაკლისს აკეთებენ მხოლოდ იუსტიციის საბჭოს 2 წევრზე, - აღნიშნა პაატა ლეჟავამ.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს დღეს უყრიან.