მიტროპოლიტი თეოდორე რაბათში რესტავრირებულ მეჩეთს მართლმადიდებლურ ტაძრად მოიხსენიებს. "ვინ გითხრათ, რომ მეჩეთია. იმ საკურთხეველს ისევე ვერ მოშლიან , ისევე, როგორც ტრაპეზს, რომელიც იქ დგას. მთელი ახალციხე ფეხზე დადგება. მე როგორც ვიცი, აქ საუბარია სახურავის შეცვლაზეც. ჩემთვის არანაირი პრობლემა არ აქვს, ოქროსფერი სახურავი ექნება, თუ - ტყვიისფერი. მე ამას მეჩეთს არ ვეძახი. იქ მას მიშენებული აქვს სამრეკლო. თურქულ მხარეს ქონდა სურვილი, რომ მინარეთი გაკეთებულიყო. ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს სამრეკლო ასევე არის ისტორიული ძეგლი, რომელიც დაახლოებით 200 წლის წინ გაკეთდა. მას მინარეთს ეძახიან, მაგრამ ეს არის სამრეკლო", _ განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, თეოდორე ჭუაძემ.
მისივე თქმით, რაბათის ტერიტორიაზე რესტავრაცია ისე გაკეთდა, რომ სამწუხაროდ არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა.
"არსებობს გადმოცემა, რომ იქ იყო ტაძარი, რომელიც შემდეგ დაშალეს და მე-17-18 საუკუნეში აშენდა მეჩეთი. შემდგომში, როდესაც რუსები შემოვიდნენ და თურქებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია, მიშენდა საკურთხეველი. ბოლოს როგორც ტაძარი, ისე ფუნქციონირებდა", _ აღნიშნა მეუფემ.
მეუფე თეოდორეს თქმით, იმ ტერიტორიაზე ადრე მუზეუმი იყო და სხვადასხვა ადგილებიდან ჯვრის გამოსახულებიანი ქვები სამუზეუმო ექსპონნატად იყო მიტანილი.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გუშინ საქართველოსა და თურქეთში კულტურული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკურლების დეტალებზე განცხადება გააკეთა.
მანანა მანჯგალაძის თქმით, ხელშეკრულების მიხედვით აჰმადის მეჩეთიდან შუა საუკუნეების ჯვრის გამოსახულებიანი ქვის რელიეფები უნდა გამოიტანონ.
კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარი კი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მეჩეთის ადგილზე მე-16 საუკუნის ქართული ეკლესია იყო, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე იქ არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩატარებულიყო.
მისივე თქმით, ბრალდება, რომელიც პრეზიდენტის პრესსპიკერის მხრიდან გაისმა, ოდნავ სასაცილოდაც ჩანს.
"ჩვენ არა თუ რაღაცას ვანგრევთ ან ვაქცევთ, არამედ იმ ხარვებეზებს ვასწორებთ, რომელთა ასე დატოვება დაუშვებელი იქნება კულტურული დაცვის მეთოდოლოგიიის გათვალისწინებით, რადგან არსებობს ძეგლთა დაცვითი მეთოდოლოგია, რესტავრაციის ძალიან მკაცრი ნორმები და სტანდარტები, რომლებიც დაცული უნდა იყოს. სწორედ ეს ნორმები და მეთოდოლიგია იქნა დარღვეული, რადგან სამუშაოები ჩატარდა სწრაფად, დაუფიქრებლად, არათანმიმდევრულად. ამიტომ ახმედიეს მეჩეთზე ნაცვლად ტყვიისფერისა, რომელიც იყო პირვანდელი ფერი გუმბათისა, განჩდა ოქროსფერი, სრულიად მიუღებელი, ამიტომ თურქეთის მხარეს შენიშვნები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ნაწილი გავითვალისწინეთ და ჩავრთეთ ხელშეკრულების ტექსტში", - განუცხადა ჟურნალისტებს მარინე მიზანდარმა.