ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ინდოეთის სახელმწიფო ბანკისა და "ხუდონჰესის" ინვესტორი კომპანია "ტრანს ელექტრიკას" წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ინდოეთის სახელმწიფო ბანკმა "ხუდონჰესის" დაფინანსებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი დელეგაცია პროექტის ფინანსურ რისკებს სწავლობს, რის შემდეგაც ინდოეთის სახელმწიფო ბანკი სესხის გამოყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს.
დელეგაცია ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრისას პროექტისადმი საქართველოს მთავრობის მიდგომებით დაინტერესდა.
სამინისტროს ცნობით, ინდოეთის სახელმწიფო ბანკი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის 70%-ით დაფინანსებას გეგმავს.
პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1,125 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ენგურზე 702 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს.