საერთო სასამართლოებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განხილვის რეჟიმზე დაბრუნდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 76 ხმით დღეს ერთხმად მიიღო.
დადგენილების პროექტის მომზადებისა და გადაწყვეტილების მიზეზები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ხმალაძემ განმარტა.
"კანონის მეორე მოსმენით მიღებიდან ამ კვირის დასაწყისამდე უმცირესობის წარმომადგენლებთან გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობდა, რათა პოზიციების შეთანხმებისთვის მიგვეღწია. სამწუხაროდ, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, წარმოდგენილი პროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისთვის მაქსიმალურად დაეახლოვებინა. სწორედ ამ მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას დაუჭირა მხარი" - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ კენჭისყრის წინ.
მეორე მოსმენაზე დაბრუნდა როგორც "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი, ასევე მისგან გამომდინარე "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ", "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ", "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები.
ამასთან, მეორე მოსმენით დაბრუნებულ პაკეტს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი დღესვე განიხილავს და სავარაუდოდ, დღესვე მეორე მოსმენით განხილვისათვის პლენარულ სხდომას წარუდგენს. განხილვის პროცესი სესიაზე ხვალაც გაგრძელდება. პარალელურ რეჟიმში კი, რეგლამენტში ინიცირებული ცვლილებების პროექტის განხილვის და დამტკიცების პროცესი გაიმართება.
პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტში მთლიანად შეიცვალა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებელი წევრების არჩევისა და დამტკიცების წესები. სწორედ ამან განაპირობა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის პესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნება და ასევე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა.