ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის ვაჟა ჩიტაშვილის შეფასებით, რაიონს "პატრონი არ ჰყავს", რის გამოც მთავრობამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ყურადღება უნდა მიაქციოს.
როგორც ჩიტაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაშინ, როცა გორში, კახეთსა და სხვა რაიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაცია მოხდა, ახალციხეში მეწყრის შედეგად ფაქტობრივად მიწასთან გასწორებული სოფლის მოსახლეობა არავის გახსენებია.
"საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას უთმობდა ჩვენს რეგიონს, ახალციხის რაიონს. სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. როცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში დაიწყო აღმშენებლობა და აშენდა კახეთის ცალკეული ქალაქები, ასევე ბათუმი, თბილისი, ქუთაისი და მესტია, ახალციხეში არც ერთი გრანდიოზული პროექტი არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით რაბათის ციხეს, რომელიც დღეს განსჯის, კრიტიკისა და სისხლის სამართლებრივი დევნის საგნად იქცა. მოსახლეობას პრეტენზიები აქვს, რომ განიცდის გარკვეულ დისკრიმინაციას. მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის 39 სოფელი მაღალმთიან სოფლებს მიეკუთვნება, ამ რაიონიდან არასდროს არც ერთი სტუდენტი არ დაფინანსებულა. ასევე არ დაფინანსებულა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებიდან სტუდენტები, არც მათი კრედიტის გადავადებაზე უფიქრია ვინმეს და ჟურნალისტებსაც სათანადოდ არ გაუშუქებიათ სტიქიის შედეგები. სოფელ აწყურში მეწყრის შედეგად დაინგრა და განადგურდა საცხოვრებელი ბინები. კი არ გაიბზარა ან სახურავი ახადა სტიქიამ, საერთოდ აღარ არსებობს. მოსახლეობა დინჯად, უპრეტენზიოდ ელოდება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას, მაგრამ ჯერჯერობით, არანაირი გამოხმაურება არ უნახავს. როგორ ავუხსნა ეს ვითარება მათ, როცა ხედავენ გორში, კახეთში რა ხდება? როგორ ავუხსნა მოსახლეობას, რომ ახალციხეში მომხდარი სტიქია სტიქია არ არის. რაიონის ცენტრალური საავადმყოფოც რთულ მდგომარეობაშია, გამოცდილი ექიმები 30 და 40 ლარს იღებენ ხელფასის სახით და არ ჩანს მათი მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგი", - განაცხადა ვაჟა ჩიტაშვილმა.
მისივე განმარტებით, მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ახალციხის რაიონს არ ჰყავს პატრონი.
"მე მინდა რომ ჩვენს რეგიონს და რაიონს ჰყავდეს პატრონი საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის სახით, რომ უპატრონო ეკლესიას ეშმაკები არ დაეპატრონონ", - აღნიშნა დეპუტატმა.