შინაგან საქმეთა მინისტრს რეაგირების გარეშე არც ერთი ფაქტი არ დაუტოვებია და სხვათაშორის არც ბოლო ფაქტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ყველა ფაქტი რაც კი არჩევნების შემდეგ, დღემდე მოხდა, რეაგირებულია და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როდესაც ოჯახები და ნათესავები მართავნდენ ქვეყანას.
"შეგახსენებთ, რომ ასეთი ოჯახის წევრები თქვენს რიგებში დღესაც არიან, გენერალურმა ინსპექციამ რამდენიმე პოლიციელზე უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რეაგირების გარეშე მინისტრს არც ერთი ფაქტი არ დაუტოვებია და სხვათაშორის არც ბოლო ფაქტი. რაც არასოდეს არ მომხდარა, როდესაც მერაბიშვილი მინისტრი იყო, როდესაც მერაბიშვილის ნათესავები ქვეყანას მართავდნენ და დღესაც მისი ოჯახის წევრები არიან ყველა უწყებაში დასაქმებულები", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულმა განცხადებებმა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიზანმიმართული ხასიათი შეიძინა და ერთგვარ კამპანიას დაემსგავსა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, საპარლამენტო კონტროლი ბუნებრივია იქნება და განხორციელდება.
"ჩვენ არ ვაპირებთ ამ კუთხით შევასუსტოთ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლები", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.