საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროზე საზოგადოებრივი და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაბაშვილმა აღნიშნა, ის, რომ მაღალი რანგის პოლიციელები ძალიან გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციასთან პერსონალური სახის კონფლიქტში შედიან, ძველბიჭურ გარჩევებში საქმეებს არჩევენ, ასევე ის, რომ შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად რესტორანს კეტავენ და ჟურნალისტების 4-საათიანი ლოდინის შემდეგ უკანა კარიდან გადიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვეულებრივი მუშაობა არ არის.
"რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრის იუმორს ვაფასებთ, რომელმაც თქვა, რომ ცოლის ნათესავი, ნათესავი არ არის და შესაბამისად, გენინსპექციის უფროსი შეიძლება იყოს მისი ნათესავი, მაგრამ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსექციაზე, ისე მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროზე უნდა ითქვას და ვფიქრობ, რომ გასაძლიერებელია, მათ შორის საზოგადოებრივი და საპარლამენტო კონტროლი", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ერთი იყო თენგიზ გუნავას ფაქტი, როცა იარაღი თან ჩადებული იყო, თან - არა, ვანის ინციდენტში თავად დაზარალებული აღმოჩნდა დამნაშავე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინციდენტში დადანაშაულებული იქნა თავად მოქალაქე და არა პოლიციელი, რომელიც მართვის მოწმობის გარეშე დადიოდა და ხულიგნობდა.
გაბაშვილის აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაამყაროს კანონიერი წესრიგი თავის ორგანოებში და სწორედ ამიტომ პრობლემა არის ნათესაობითა და მეგობრობით მაღალი პოსტების დაკავება, რომლებსაც შემდეგ არც შნო, არც გამბედაობა და არც სურვილი არ აქვთ, რომ მინისტრს ობიექტური სურათი უჩვენონ.