საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ბრალდებას ტყუილს უწოდებს .
როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" ალასანიამ განაცხადა, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. "მართლაც საწყენია, რომ ადამიანები ვერ იაზრებენ და სწორად ვერ აფასებენ საკუთარ შეცდომებს, თუ რის გამო აღმოჩნდნენ ასეთ მდგომარეობაში და ისევ ძველებური მეთოდებით და ძველებური გზებით - ტყუილებით ცდილობენ გამოძიების თუ ზოგადად საზოგადოების ყურადღება აიცილონ. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია და მგონია, რომ ასეთ ტყუილს კალანდაძე იქნება თუ სხვა, არ დაადასტურებს", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, იგი მაქსიმალურად, პრაქტიკულად სრულად დისტანცირებულია საგამოძიებო პროცესიდან და ასეც უნდა იყოს, რადგან თავდაცვის მინისტრი არ არის გამომძიებელი. "აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად მინიმალურად მაქვს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობაზე. ზუსტად იმიტომაც, რომ ჩემი მხრიდან არ მოხდეს რაიმე საბაბის მიცემაც კი, რომ მე გამოძიებით ზედმეტად ვინტერესდები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, უკეთესი იქნება თუ ყველა საკუთარ ცხოვრებასა და შეცდომებს გაიზიარებს. "ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან და თუკი უფრო ღრმად ჩაუფიქრდებიან საკუთარ შეცდომებს წარსულში, დარწმუნებული ვარ, მომავალში მიეცემათ საშუალება სწორ გზას დაადგენენ. რასაც ისინი აკეთებენ, მართლაც არასწორი გზაა. ასეთი წარსულის მქონე ხალხი კი, როდესაც ასეთ რამეს გაბრალებს, არა მგონია საზოგადოებაშიც კი რაიმე კითხვის ნიშნებს ბადებდეს ჩემს მიმართ. ჩემი აზრით, ეს მათ წინააღმდეგ უფრო იქნება გამოყენებული", - მიაჩნია თავდაცვის მინისტრს. მისივე თქმით, მთავარია გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და ჭეშმარიტება დადგინდეს.
ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს პირდაპირ უთხრა, თუ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, იგი სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსით იქნებოდა.