პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიერ ბაჩო ახალაიასთვის სიტყვის მიცემას მიზანშეუწონლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ ფაქტს პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ბრალდების მხარის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა.
ნადარეიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვის შესახებ დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს, რომლის მიხედვითაც მოწმეებზე ზეწოლა განხორციელდა. პროკურორი ეთანხმება დაცვის მხარის ამ შეფასებას, თუმცა ამბობს, რომ ზეწოლა არა ბრალდების მხარის, არამედ დაცვის მხრიდან ხორციელდებოდა საქმეში არსებულ დაზარალებულებზე, რომლებიც სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ.
"დაცვის მხარეს იმედი ჰქონდა, რომ ფსიქოლოგიური შტურმით ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე. დაცვის მხარე ზეწოლას ახდენდა საქმეში დაზარალებულად ცნობილ მოწმეებზე. მთავარი არის ის, რომ პროცესზე მოწმეებმა დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაშია ასახული. კერძოდ, მათ Aაღნიშნეს, რომ ბრალდებულების მხრიდან ცემის, ტანჯვისა და შეურაცხყოფის ფაქტები ხდებოდა", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ამასთან, მან დაზარალებულების განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვით, დღევანდელ პროცესამდე ორი დღით ადრე ისინი პროკურატურაში იმყოფებოდნენ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდების მხარის მიერ დაზარალებულების პროკურატურაში ორი დღით ადრე დაბარება კანონსაწინააღმდეგო არ არის და როგორც დაცვის მხარის ადვოკატებს აქვთ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფების მონახულების უფლება სასამართლო პროცესამდე, ეს უფლება გააჩნია პროკურატურასაც. "ორი დღით ადრე დაზარალებულებს პროკურატურაში ეცნობათ ის პროცედურული საკითხები, რომლებიც ეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს. ეს არ არის დარღვევა", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ დაზარალებულები გარიგებულები არიან პროკურატურასთან და ცხადი ხდება, რომ მათი ჩვენებები ზეწოლის შედეგად არის მიცემული.
"მოწმეების ჩვენებებიდან ჩანს, რომ ახალაია არის უდანაშაულო და პოლიტპატიმარი. ჩვენებები ზეწოლის შედეგად არის მიცემული. დღვანდელ პროცესზე, დაკითხვაზე მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ისინი პროკურატურაში ღამის სამ საათამდე იმყოფებოდნენ, რაც ცხადყოფს, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და ამ ზეწოლის ფონზე მისცეს ჩვენებები", - აღნიშნა ველიჯანაშვილმა.
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს, ზურაბ შამათავას და მათთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე, მოწმეების დაკითხვის ეტაპით განახლდება. ხვალისთვის ასევე დაგეგმილია საქმეში დაზარალებულად ცნობილი მოწმეების დაკითხვა.
დღევანდელ პროცესზე კი შეიარაღებული ძალების სამი ყოფილი თანამშრომელი, ნიკოლოზ ქათამაძე, ბესიკ გოგლიძე და დავით ხარაიშვილი დაიკითხნენ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს და მათთან ერთად ბრალდებულ 8 პირს ბრალი ედებათ ორ ეპიზოდში, ე.წ. სენაკის ეპიზოდში, ასევე ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.