საქართველოს კულტურის სამინისტრო რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილ სამუშაობთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრალდებას "სასაცილოს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ქართული მხარე არა თუ ციხეს ანგრევს, არამედ წინა ხელისუფლების დროს მისი რესტავრაციის ფარგლებში დაშვებულ ხარვეზებს ასწორებს.
"ბრალდება, რომელიც პრეზიდენტის პრესსპიკერის მხრიდან გაისმა, ოდნავ სასაცილოდაც ჩანს. ჩვენ არა თუ რაღაცას ვანგრევთ ან ვაქცევთ, არამედ იმ ხარვეზებს ვასწორებთ, რომელთა ასე დატოვება დაუშვებელი იქნება კულტურული დაცვის მეთოდოლოგიიის გათვალისწინებით, რადგან არსებობს ძეგლთა დაცვითი მეთოდოლოგია, რესტავრაციის ძალიან მკაცრი ნორმები და სტანდარტები, რომლებიც დაცული უნდა იყოს. სწორედ ეს ნორმები და მეთოდოლიგია იქნა დარღვეული, რადგან სამუშაოები ჩატარდა სწრაფად, დაუფიქრებლად, არათანმიმდევრულად. ამიტომ ახმედიეს მეჩეთზე ნაცვლად ტყვიისფერისა, რომელიც იყო პირვანდელი ფერი გუმბათისა, განჩდა ოქროსფერი, სრულიად მიუღებელი, ამიტომ თურქეთის მხარეს შენიშვნები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ნაწილი გავითვალისწინეთ და ჩავრთეთ ხელშეკრულების ტექსტში", - განუცხადა ჟურნალისტებს კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილე მარინე მიზანდარმა მანანა მანჯგალაძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანდარის განმარტებით, სრულიად მცდარი და უსაფუძვლოა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რაბათი დაინგრევა. "არავითარ შემთხვევაში რაბათი არ დაინგრევა და ვერ დაინგრევა, რადგან მის ტერიტორიაზე განლაგებულია სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, მიზანდარმა მედიას თურქეთთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულების ძირითადი პირობებიც გააცნო და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანია. "ხელშეკრულება, რომელიც მომზადდა საქართველოსა და თურქეთს შორის გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობას. ამ ხელშეკრულების მთავარი არსი ისაა, რომ ჩვენ მოვხსენით ნაცვალგების პრინციპი ყველა იმ ხელშეკრულების მონახაზისგან განსხვავებით, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და სადაც ოშკსა და იშხანში მიმდინარე სამუშაო პროცესებში ქართველი სპეციალისტების ჩართვის სანაცვლოდ განიხილებოდა აზიზიეს მეჩეთის აშენება ბათუმის ცეტრში თურქეთის მხარის მიერ. ჩვენ თურქეთის მხარეს შევთავაზეთ ამ საკითხებზე ნაცვალგების პრინციპის მოხსნა, რაზეც დიდი სირთულეების მერე დავითანხმეთ და შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. ეს თანამშრომლობა გულისხმობს გადაუდებელ ნაბიჯებს, როგორიცაა იშხანსა და ოშკში მიმდინარე სამუშაობში ქართველი სპეციალისტების დაუყოვნებლივ ჩართვა, ასევე იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც ჩვენი მხარის ყოფილი მენეჯმენტისა და იმ ადამიანების მიერ იქნა დაშვებული, რომლებმაც არაპროფესიულად გააკეთეს ახმედიეს მეჩეთის რესტავრაცია. ეს გახლავთ ასევე უფრო გრძელვადიანი სახის თანამშრომლობა, როგორიცაა ჩვენი ძეგლების თაობაზე პასპორტიზაცია ერთობლივი ექსპედიციების მეშვეობით და მესამე მუხლად გავითვალისწინეთ სამომავლოდ იმ ძეგლთა ჯგუფის გამოკვეთა, როგორც ჩვენს, ისე თურქეთის ტერიტორიაზე, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას და ამ ძეგლების რესტავრაციისთვის ასევე ორმხრივი ექსპედიციების გათვალისწინებას", - აღნიშნა მიზანდარმა.