საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, 3-5 აპრილს, სამხრეთ კორეელ ბიზნესმენთა დელეგაციას უმასპინძლებს. საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები წარმოადგენენ კომპანიებს: ენერგეტიკის, სამშენებლო, წარმოებისა და ფინანსური სერვისების სექტორებიდან და არიან ისეთი წარმატებული საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, როგორებიცაა Hyundai E&C და KDB Daewoo.
კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესებულები არიან საქართველოში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებით და მათი ვიზიტის მიზანია, უკეთ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო გარემოს. ისინი საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს საპარტნიორო ფონდთან ერთად განიხილავენ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გამართავს შეხვედრებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახი კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.