შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ვალერიან თელიას მართვის მოწმობა არ აქვს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
ნინო გიორგობიანის განცხადებით, იმ დღეს გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ ვალერიან თელია თავად დამჯდარიყო საჭესთან და ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე წასულიყო.
"როგორც მოგეხსენებათ, იმ დღეს გაიხსნა ტრეფიკინგის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც რამდენიმე წელია აჭარაში არ გახსნილა. ეს არის საერთაშორისო დონის დანაშაულის გახსნა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ საქმეზე წასულიყო და ამით იყო განპირობებული, რომ ის საჭეს თავად მართავდა. როდესაც ნახა საპატრულო ეკიპაჟმა, რომ მას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, ის დააჯარიმა ამის გამო", - განმარტა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, თელიას ემსახურებოდა აქამდე მძღოლი და ის უახლოეს მომავალში აპირებს მართვის მოწმობის აღებას.
როგორც ადგილზე მყოფი თვითმხილველები და ჟურნალსიტები იხსენებენ, ინციდენტი საია-სა და ვალერიან თელიას შორის დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდგაც საია-ს თანამშრომლები დაკითხვაზე წაიყვანეს, ცოტა ხანში იქ გამოცხადდა ვალერიან თელიაც.