გარემოს დაცვით საკითხებზე და ამ სფეროსთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ.
პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას და მის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას შეეხო.
"ერთი კვირის წინ პარლამენტმა დაასრულა კანონპროექტთა პაკეტზე მუშაობა, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში ახალი ხელისუფლების მიერ წამოწყებულ რეფორმებს ასახავს. ამ პროექტების განხილვას პარლამენტმა, სამინისტროსთან ერთად, სერიოზული დრო და ენერგია დაუთმო. დღეს მინისტრთან ერთად შევაჯამეთ ეს სამუშაოები და შევთანხმდით, რომ ამ სფეროში ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის სფერო ერთ-ერთი ხშირად განხილვადი თემაა, დღემდე უამრავი საკითხი მოსაგვარებელი და გადასაწყვეტია. მოხარული ვარ, რომ მინისტრი ენთუზიაზმით არის განწყობილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი ცაგარეიშვილთან ერთად მუშაობის მუდმივ რეჟიმშია ჩართული", - განაცხადა უსუფაშვილმა.
გარემოს დაცვის მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს საჩუქრად დეკორატიული მცენარე გადასცა, თავის მხრივ კი დავით უსუფაშვილმა სამინისტროს წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში არსებული ნარგავები დაათვალიერებინა და მათი მოვლის წესები მოისმინა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე დაესწრო.