პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის დღეს ულოცავს. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფენდუმს ივანიშვილი სპეციალური განცხადებით ეხმაურება . პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას კვლავ იარჩუნებს.
"22 წელი შესრულდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი მოვლენიდან - 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ რეფენედუმი ჩაატარა - საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ჩაუყარა საფუძველი. რეფერენდუმი გამოხატავდა მთელი საქართველოს მრავალეროვანი ხალხის ურყევ ნებას. მასში მონაწილება ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლეთა 90%-მა მიიღო, რომლის 88%-მა სახელმწიფოებრიობის აღდგენას მისცა ხმა.
31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას კვლავ იარჩუნებს - ის არის საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი საკვანძო დებულება და იმდენად იმპერატიული, რომ მისი რაიმე თვალსაზრისით უგულვებელყოფა აბსოლუტურად გამორიცხულია.
მთელს საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და არ შემიძლია არ გავიხსენო თაობები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც საყოველთაო-სახალო კენჭისყრის სულისჩამდგმელი და ინიციატორი იყო.
ქართველი ხალხი, რომელიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას მტკიცედ იცავს, მჯერა, ამ არჩევანს არასდროს გადაუხვევს", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.