დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ამის შესახებ ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გუშინ საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ნადირაშვილმა პრესკონფერენციაზე მედიას ინფორმაცია მიაწოდა საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანების შესახებ.
"მან ასევე განაცხადა, რომ ინფორმაცია თავად სამინისტროებმა და საჯარო უწყებებმა მიაწოდეს. ნადირაშვილმა, მათ შორის, გამოაქვეყნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა და განაცხადა, რომ სამინისტრომ 109 თანამშრომელი გაათავისუფლა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ირმა ნადირაშვილს რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის საერთოდ არ მოუმართავს მოთხოვნით, მიგვეწოდებინა მისთვის გათავისუფლებულ თანამშრომელთა სია ან რაოდენობა", - ნათქვამია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ 2013 წლის 20 თებერვალს სამინისტროში შევიდა დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის წერილი, რომლითაც ის ითხოვდა, ინფორმაციის მიწოდებას 2012 წლის 1 დეკემბრიდან წერილის შესვლის დღემდე სამინისტროში, მის მმარველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში სამსახურებში მიღებულ და სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებთან დაკავშირებით.
"ამ წერილის პასუხად, 2013 წლის 26 თებერვალს გოგორიშვილს გაეგზავნა ინფორმაცია სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებიდან - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან წერილში მითითებულ პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა შესახებ. 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გათავისუფლდა მხოლოდ 6 თანამშრომელი. სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან კი ამავე პერიოდში გათავისუფლდა 13 თანამშრომელი.
მარტივი არითმეტიკა - 6+13=19! მივმართავთ ირმა ნადირაშვილს, მობრძანდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და წარმოგვიდგინოს დანარჩენი 90 "გათავისუფლებული" თანამშრომლის სია და წყარო, საიდანაც მოიპოვა აღნიშნული ინფორმაცია. აქვე, ქალბატონ ნადირაშვილს ვაცნობებთ, რომ მთლიანად სამინისტროში დასაქმებულია 105 ადამიანი, საიდანაც, მისი თქმით, 109 გაგვითავისუფლებია", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.