დაკითხვაზე დაბარებების გამო ნაძალადევში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბი სრულიად პარალიზებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პრობლემებია სამივე საარჩევნო ოლქში, თუმცა განსაკუთრებული აქტივობით სამართალდამცავები ნაძალადევში გამოირჩევიან.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ ოფიციალურად იქნა გადაგზავნილი ინფორმაცია, სამივე საარჩევნო შტაბის შემადგენლობის შესახებ, არა თუ შეჩერდა არამედ უფრო ინტენსიური გახდა ამ ადამიანების დაბარება დაკითხვაზე და დღეების გატარება საგამოძიებო უწყებებში" , - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
მისი თქმით, ეს ხალხი მოწყვეტილია საარჩევნო პროცესებს და ეს პროცესები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კანდიდატების ოფიციალური წარდგენა მოხდა.
როგორც გოგორიშვილი აცხადებს, ისინი მთელ დღეეებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვებზე ატარებენ, "შედეგად ფაქტობრივად შტაბი პარალიზებულია". ეს საკითხები გუშინ, დღეს და ამ წუთებშიც გრძელდება და არანაირი საარჩევნიო აქტივობა არ ხორციელდება" , – განაცხადა გოგორიშვილმა.
დეპუტატის თქმით, უწყებათშორისი კომისიის წევრებს დღესვე მიეწოდა ინფორმაცია, როგორც ნაძალადევში, ასევე სამტრედიასა და ბაღდათში საარჩევნო ოლქებში არსებულ ვითარებაზე,.
ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საუბნო კომისიებში მდივნად ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშვნაზე მიღწეული შეთანხმება არ სრულდება.
როგორც დეპუტატი აცხადებს, სამივე უბანში საუბნო კომისიის მდივნებად "ქართული ოცნების" კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები დაინიშნენ.
"ძალაინ ბევრგან ნეიტრალური ადამიანების ნაცვლად, მაგალითად ნაძალადევში პარტიული წარმომადგენლები დაინიშნენ კომისიებში. მე ამის შესახებ უწყებათასორის კომისიას კონკრეტული მაგალითები, სახელები და გვარები წარვუდგინე", – აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.