ავთო ადუაშვილის მკვლელობის გამო ჩემზე ცუდად არავინ არ არის, - ამის შესახებ რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა, სოსო პავლიაშვილმა ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმესთან მისი შესაძლო კავშირის კომენტირებისას განაცხადა.
"რა სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო ჩემს წინააღმდეგ? ჯერ ერთი, ჩემი მეგობარია მკვდარი. მეორეც, ვიღაცას რაღაც საშინელება მოუვიდა თავში, ასე არ ხდება ხომ? ჟურნალისტებმა გაავრცელეს ეს ამბავი, იმ ჟურნალიტებთან მივა ხალხი და იურიდიულად მოსთხოვს პასუხს. ჩემი ავთოს ოჯახს როგორც ვედექი გვერდში, ისე ვუდგევარ დღემდე. ჩემი ახლობელი იყო ის კაცი, ჩემი სიძე ზის ციხეში, რომელიც ამბობს, რომ მას არ გაუკეთებია ეს. ეს ხომ უნდა გაირკვეს? მე ორ ცეცხლს შუა ვდგავარ. ჩემზე ცუდად არავინ არ არის. ვიღაცები არსებობენ, ვისაც უნდათ, მე სისხლი გამიშრონ. 10 წელია, ხან კრემლის აგენტს მეძახიან, ხან მაბრალებენ, რომ ხელისუფლების გადატრიალება მინდოდა, ხან სომეხი ვარ, ხან ერის მორალატე, ხან კი - თითქოს ნარკობიზნესში. ასე აღარ შეიძლება", - აცხადებს პავლიაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში.
ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი 2012 წლის ნოემბერში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. მკვლელობიდან რამდენიმე ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის შემკვეთი შესაძლოა, სოსო პავლიაშვილი იყოს. ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ექვსი პირია დაკავებული, მათ შორის - სოსო პავლიაშვილის დის ქმარი ვახტანგ ჩხაპელია.
ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსო პავლიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რაც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა უარყო.
""არანაირი დევნა სოსო პავლიაშვილის მიმართ დაწყებული არ არის. ის არ გახლავთ ბრალდებული. გამოძიება მიმდინარეობს უშუალოდ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და რამდენიმე პირი პასუხისგებაშიც არის მიცემული. საქმე აღძრულია, მაგრამ - არა პავლიაშვილის მიმართ. სოსო პავლიაშვილთან მიმართებაში მინიშნება ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაში გამოიკვეთა, თუმცა ქართველი მომღერლის წინააღმდეგ დევნის დასაწყებად ეს საკმარისი მტკიცებულება არ არის",- აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.