საქართველოს პრეზიდენტმა სამი დღე ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გაატარა. როგორც პრეზიდენტის facebook-ის გვერდზეა აღნიშული, დასვენების პერიოდში მიხეილ სააკაშვილს ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მორსი დაუკავშირდა, რომელიც იმ დროისათვის ვიზიტით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
მოჰამედ მორსიმ ქართველ კოლეგასთან საუბრისას პატივისცემა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის, ქართველი ხალხის მიმართ და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა.
ქვეყნის პირველ პირს კაიროში ეგვიპტის ტურიზმის მინისტრი მასპინძლობდა. მიხეილ სააკაშვილი ეგვიპტის ახალი მთავრობის რამდენიმე მინისტრსაც შეხვდა, რომელთაც აღტაცება გამოხატეს საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ანტიკორუფციულ, ეკონომიკურ და განათლების რეფორმებს. როგორც მათ აღნიშნეს, ამ მიმართულებით ისინი ცვლილებებს ეგვიპტეშიც გეგმავენ და მათივე თქმით, საქართველოს მაგალითი სანიმუშოა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართული გამოცდილების გაზიარებისა და რეფორმების შესწავლის მიზნით, საქართველოს ეგვიპტის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრება.
ეგვიპტელ მინისტრებს მიაჩნიათ, რომ ეგვიპტის ახლანდელი ვითარება საქართველოს ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის მსგავსია.
მათი განცხადებით, საქართველო გამორჩეულია ყველა პოსტრევოლუციურ ქვეყანას შორის, რადგან სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი ყველაზე წარმატებულად სწორედ ჩვენს ქვეყანაში წარიმართა.
პრეზიდენტმა ოჯახთან ერთად დასვენების ხარჯები თავად დაფარა. მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში უკვე დაბრუნდა",-ნათქვამია პრეზიდენტის ფაცებოოკ-ის გვერდზე.