საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუსეთის მიერ შავ ზღვაში წვრთნების დაწყებას საქართველოში ქართულ-ამერიკული წვრთნების გამოცხადების საპასუხო ნაბიჯად და პრევენციულ მიდგომად აფასებს.
როგორც ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია არა საქართველოსგან საფრთხის წარმოქმნის შიშით, არამედ დასავლეთზე ზემოქმედების მოხდენისთვის და იმის სათქმელად, რომ საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შემთხვევაში მათ ყოველთვის ექნებათ რეაქცია. "ანალიზს თუ გავაკეთებთ, როგორც კი საქართველოში სამხედრო სფეროში რაიმე თანამშრომლობა შედგება რუსეთი ყოვეთვის შეშფოთებას გამოხატავს. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც ესაა პოლიტიკური განაცხადი და პრევენციული მიდგომა რათა ამით გარკვეულწილად დაფრთხნენ ის სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა სურთ. ვფიქრობ, რომ ის რაც გუშინ მოხდა დაკავშირებულია სწორედ საქართველოში ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან. მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზანი აქვს," – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისი შეფასებით, მიუხედავად მოსკოვის მხრიდან შავ ზღვაში წვრთნების გამოცხადების პრევენციული მიდგომისა აღნიშნული ნაბიჯი მასთან ურთიერთობის დარეგულირებას შეუშლის ხელს.
ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდან "ასეთი მიდგომის" დარეგულირება ნატო-რუსეთის კომისიის ფარგლებშია შესაძლებელი.