ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, მომღერალ სოსო პავლიაშვილის სიძის, ვახტანგ ჩხაპელიას ადვოკატი ლევან ჯავახაძე საქმეში სოსო პავლიაშვილის დადანაშაულებას აბსურდულს უწოდებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან ჯავახაძემ განუცხადა, სოსო პავლიაშვილის სახელი ამ საქმეში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გაირკვა, რომ ვახტანგ ჩხაპელია მომღერლის დის ქმარი და ადუაშვილის ბავშვობის მეგობარია.
"ამ საქმესთან დაკავშირებით პავლიაშვილის გარშემო რაღაც წრე შეიკრა, თუმცა არ არსებობს არც მტკიცებულებები და არც მამხილებელი ჩვენებები. პროკურატურა კი ფიქრობს, რომ პავლიაშვილს რაღაც შემხებლობა ჰქონდა ამ საქმესთან",-განმარტავს ადვოკატი.
მისივე ინფორმაციით, გუშინ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა გადაიდო, შესაბამისად არც ერთ ბრალდებულს ჩვენება არ მიუცია.
ჯავახაძის თქმით, საქმეში სულ ექვსი განსასჯელია, აქედან რამდენიმე დუმილის უფლებას იყენებს.
ადვოკატი აცხადებს, რომ მომდევნო წინასასამართლო სხდომა 12 აპრილისთვის გადაიდო.
ბიზნესმენი ავთო ადუაშვილი 2012 წლის ნოემბერში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ზოგიერთ ჩვენებაში მკვლელობის შემკვეთად სოსო პავლიაშვილი სახელდება, რის გამოც პავლიაშვილის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.