რუსული მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს მოუწოდებს, დაიცვას კანონები ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საპატრიაქროს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც სოჭში გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სოჭში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიაქროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი.
როგორც მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია ეკლესიური კანონმდებლობის დაცვით.
ე.წ. პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა კი აღნიშნა, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სულიერი კავშირი დიდი ხანია, დაკარგულია და აღარ აღდგება.
"სულიერი კავშირი აფხაზეთის მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, აფხაზ ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დიდი ხანია, დაიკარგა და აღარ აღდგება",-განაცხადა ანქვაბმა.
მეუფე სერაფიმემ კი, ხაზი გაუსვა სამშვიდობო ღვთისმსახურების აუცილებლობას, რომელიც მიმართულია ხალხებს შორის მეგობრობის გამყარებისკენ.
როგორც რუსეთის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, მსგავსი კონსულტაციები მომავალშიც, სხვადასხვა ფორმატშიც გაგრძელდეს.