ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ განუცხადა.
ეს განცხადება კოჟორიძემ გუშინ საღამოს, გენერალური ინსპექციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გუშინ არსებობდა მოლოდინი, რომ გენერალური ისპექცია საიას ხელმძღვანელებს დასკვნას წარუდგენდა, თუმცა, როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, პასუხები კითხვებზე ჯერჯერობით არ არსებობს.
მისივე თქმით, გენერალური ინსპექციის პოზიცია არის შემდეგი, რომ საქმესთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოკვლევა, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვა და დასკვნა მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ყველა მტკიცებულება შეგროვდება. ამასთან, კოჟორიძის განმარტებით, მან დასვა შეკითხვა, იკვეთება თუ არა პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით ვერ მიიღო.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შს სამინისტროს მუშაობა შეიძლება შეფასდეს არაეფექტურად, რადგან მათ შეეძლოთ უფრო ეფექტურად მოეძიებინათ მტკიცებულებები და თუნდაც უკვე არსებული მტკიცებულებებით შესაძლებელი იყო, რომ მინიმუმ პოლიციის სამმართველოს უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობა დამდგარიყო.
ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიას შორის ინციდენტი 28 მარტს მოხდა. როგორც საია-ს წარმომადგენლები ამბობენ, ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ იმავე დღეს ჯერ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საია-ს მძღოლი რომან ფარტენაძე ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მართავდა და საგზაო მოძრაობის ნიშნებს არ დაემორჩილა, რითაც თელიას ავტომანქანას ავარიული სიტუაცია შეუქმნა, მოგვიანებით კი, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, რომელიც ადგილზე ახლომდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
საია შსს-ს ცალმხრივობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მათი მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც არ ჰქონდა ვალერი თელიას უფლება, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. საია თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. გუშინვე ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვა.