საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის აზრით, ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს .
როგორც ხიდაშელმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ წლების განმავლობაში სამადაშვილის ერთადერთ ფუნქციას მხოლოდ "მერიიდან გამოგზავნილი შიკრიკების პოზიციების დაცვა წარმოადგენდა".
"პირადად მე, როგორც თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, მივიჩნევ, რომ ზაალ სამადაშვილი არ უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე, უკვე დიდი ხანია. ამის მიზეზი არის ის, რომ წლების განმავლობაში მის ერთადერთ ფუნქციას მერიისგან გამოგზავნილი შიკრიკების პოზიციების დაცვა წარმოადგენდა. ასეთი საკრებულოს თავმჯდომარე არ შეიძლება ჰყავდეს თბილისს. მე მხოლოდ მივესალმები, თუ დედაქალაქის საკრებულოს ისეთი ხელმძღვანელი ეყოლება, რომელიც იქნება თბილისელების ინტერესების გამომხატველი. თბილისელები ნამდვილად უკეთესს იმსახურებენ. სამადაშვილმა ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია. მან ვერ უზრუნველყო საკრებულოს პრესტიჟის დაცვა", - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე შეფასებით, სამადაშვილმა ვერ შეძლო ვერც ის, რომ რომელიმე ოპოზიციური ფრაქციის სხდომაზე რომელიმე თანამდებობის პირი მაინც მისულიყო.
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავმჯდომარის გადარჩევის საკითხი დააყენა, თუმცა, კენჭისყრის შედეგად ზაალ სამადაშვილი ისევ თანამდებობაზე დარჩა.