პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ამერიკელი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის კონფლიქტების დარეგულირების საკითხში აგვისტოს ომამდე ორი წლით ადრე მიცემულ რეკომენდაციებს ასაჯაროებს.
წერილი, რომელშიც ბრაიზას რჩევებზეა საუბარი, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, ვასილ სიხარულიძის მიერ იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილისთვისაა გამოგზავნილი. მასში სიხარულიძე საგარეო უწყების უკვე ყოფილ ხელმძღვანელს მეთიუ ბრაიზასთან 2006 წლის 1-ელ ივნისს გამართული შეხვედრის დეტალებს უყვება. სიხარულის მიერ ბეჟუაშვილისთვის მიწერილი წერილი ვოლსკიმ ტელეკომპანია "იმედს" გადასცა.
"მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, 15 ივნისს არ მიიღოს ემოციური და კონფრონტაციული რეზოლუცია აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების შესახებ. ამ შემთხვევაში არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც მეგობართა ჯგუფი და არც გაერო საქართველოს მხარს არ დაუჭერს. ეს ავნებს არა მარტო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს, არამედ უარყოფით გავლენას მოახდენს ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებაზე ჩართონ საქართველო ნატოსთან ინტენსიურ დიალოგში. მეთიუ ბრაიზას რჩევით, კარგი იქნება თუ რეზოლუცია გვერდს აუვლის რუსეთის სამშვიდობო ძალების საკითხს და ყურადღებას გაამახვილებს გალის რაიონში, საერთაშორისო საპოლიციო ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტის განლაგების აუცილებლობაზე გაეროს ეგიდით. მეთიუ ბრაიზას თქმით, თანამეგობრობა და მეგობართა ჯგუფის ასეთი აქტიურობა სწორედ ამის შედეგია. საქართველომ უნდა მისცეს შანსი მეგობართა ჯგუფს მოახდინოს პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე გაეროს მეშვეობით", - ნათქვამია სიხარულიძის მიერ ბეჟუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში.