შრომის ახალი კოდექსის მიღების შემთხვევაში საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო პარტნიორობის შეღავათიანი პირობები შეუნარჩუნდება .
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, აშშ-ის სავაჭრო პალატაში პროფკავშირთა გაერთიანების მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი პეტიციის განხილვა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრო. საჩივრის მიზეზი საქართველოში დღემდე მოქმედი შრომის კანონმდებლობა გახდა.
პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, ის საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ ქვეყანა, სადაც ჯეროვნად არ არის დაცული დასაქმებულის უფლებები, აშშ-სთან ვაჭრობის შეღავათიანი პირობებით არ უნდა სარგებლობდეს.
განხილვაზე საქართველოს პოზიცია იუსტიციის მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა. ბარამიძის თქმით, დასაქმებულთა უფლებების დასაცავად ქვეყანამ უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები, ხარვეზების აღმოფხვრის პროცესი დაწყებულია და იუსტიციის სამინისტროს შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასაქმებულის უფლებებს, პარლამენტი სულ მალე განიხილავს.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამერიკული მხარე ქართულ დელეგაციასთან კონსულტაციებს განაგრძობს და ყურადღებით დააკვირდება საკანონმდებლო ორგანოში შრომის ახალი კოდექსის განხილვის პროცედურებს.
"ამერიკული მხარე ჩვენგან დასაქმებულთა უფლებების დასაცავად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. იუსტიციის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა შრომის ახალი კოდექსი, რომელიც ამ კუთხით ვითარებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემთხვევაში, ვფიქრობ, საქართველო შეინარჩუნებს აშშ-სთან სავაჭრო პარტნიორობის შეღავათიან პირობებს", - აღნიშნა ბარამიძემ.
გადაწყვეტილებას ამერიკის სავაჭრო პალატა, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს მიიღებს.