თბილისის მერი გიგი უგულავა მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს საკრებულოზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც გიგი უგულავამ თემის კომენტირებისას განაცხადა, ეს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ნათელი. "ამ 26 ადამიანს ებრძვის ცენტრალური მთავრობის მთელი სისტემა, უმრავლესობა და მისდა სამწუხაროდ, პირადად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, ვფიქრობ, ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ძალიან ღირსეულმა ადამიანმა, ზაალ სამადაშვილმა, რომ დამდგარიყო მისი ნდობის საკითხი. ვულოცავ მას და თბილისელებს, რომ იგი დარჩა საკრებულოს თავმჯდომარედ. რაც შეეხება შიხიაშვილის ოცნებების ასრულებას, ეს პროცესი ალბათ, სულ მცირე, სამი თვით გადაიწევს", - აღნიშნა უგულავამ.
ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩა. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა სამადაშვილს თანამდებობაზე დარჩენა მიულოცეს და "სკამის მშვიდობაში მოხმარება" უსურვეს.
თბილისის საკრებულომ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი, რომელშიც პირველ საკითხად ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი იყო შეტანილი, 24 კაციანი კვორუმით დაამტკიცა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება თავად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, დღეიდან სამი თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ვერ დადგება.