პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2012 წლის მანძილზე სახელმწიფო შესყიდვებზე 3.040.723,48 ლარი დახარჯა - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს.
IDFI-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლის დასათვალიერებლად მისული სტუმრებისთვის კვების მომსახურების შესყიდვაზე წლის მანძილზე 72 294,4 ლარი დაიხარჯა.
IDFI-იმ აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოითხოვა.
ამავე სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ ადმინისტრაციის ბალანსზე 54 ავტომანქანა ირიცხება და 2012 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით ადმინისტრაციამ 712 301 ლარის ბენზინი და 68 289 ლარის დიზელი მოიხმარა.
IDFI 2012 წლის 20 ოქტომბრიდან ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაციასაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც 20 ოქტომბრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატში 15, ხოლო შტატგარეშედ 5 თანამშრომელი დასაქმდა, თუმცა დასაქმებული პირების ვინაობა და პოზიციები ადმინისტრაციიდან ორგანიზაციას მხოლოდ ხუთის შესახებ მიაწოდეს.
2013 წლის 11 თებერვლის მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტატში დასაქმებულია 139 თანამშრომელი, შტატგარეშედ - 5. 2010 წლის 1-ელი იანვრიდან 2013 წლის 11 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდა 69 თანამშრომელი, ხოლო "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად - 3 თანამშრომელი", - ნათქვამია IDFI-ის სტატიაში.