თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას განცხადებით, ზაალ სამადაშვილმა თანამდებობა 90 დღით უბადრუკად შეინარჩუნა.
ამის შესახებ ზაზა გაბუნიამ დღეს საკრებულოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზაზა გაბუნიას თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაალ სამადაშვილის გადაყენებაზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ ტაბლოზე გამოჩნდა, რომ ეს ყოველივე ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგემილი ფარსი იყო. ეს ფაქტი ითვალისწინებდა არა ვინმეს გათავისუფლებას, არამედ, ზაალ სამადაშვილისათვის 90 დღით თანბამდებობის უბადრუკად შენარჩუნებას.
ზაზა გაბუნიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ნაციონალურმა მოძრაობამ პანიკური შიშის გამო მიიღო, რათა არ დაეკარგა ხელისუფლება საკრებულოში.
"ამ გადაწყვეტილებით ნაციონალური მოძრაობა 90-დღიანი ინდულგენციით პოლიტიკურ სანატარიუმში დასასვენებლად წავიდა", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ. მისივე თქმით, ზაალ სამადაშვილის თანამდებობიდან გადადგომაზე გამართულ კენჭისყრაში საკრებულოს ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.
საკრებულოს წევრების დღევანდელი გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი კვლავ შეინარჩუნა ზაალ სამადაშვილმა. მის გადაყენების წინააღმდეგ საკრებულოს 24 წევრი წავიდა, თავი შეიკავა, ან მომხრე არც ერთი წევრი არ დაფიქსირებულა.