"სუხიშვილები" 1-ელ აპრილს სანკტ-პეტერბურგში კონცერტს გამართავენ, - ამის შესახებ " ნაციონალური ბალეტის", "სუხიშვილების" გენერალურმა დირექტორმა ნინო სუხიშვილმა კულტურის სამინისტროში, ანსამბლის თვენახევრიანი გასტროლების შეჯამებისას განაცახადა.
მისი თქმით, სანკტ-პეტერბურგში ერთ-ერთი ქართული ღვინის პიარკონცერტისთვის მიდიან.
"სანკტ-პეტერბურგში იქნება ერთი კონცერტი, რომელიც მიეძღვნება ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას", - აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.
მან დღეს შეაჯამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამართული კონცერტები. მისი თქმით, "სუხიშვილმებმა" 65 კაციანი შემადგენლობით 30 იანვრიდან 13 მარტამდე 41 კონცერტი გამართეს უკრაინაში, მოლდოვასა და ბელორუსში. ანსამბლი, ტრადიციული კლასიკური ნაწილის გარდა, მაყურებლის წინაშე ახალი ცეკვით - "ცდო" - წარსდგა.
"ეს გასტროლი იყო ჩვენთვის ძალიან წარმატებული, ორმოცდაერთივე კონცერტი გაიმართა სრული ანშლაგით. ჩვენ წლიდან წლამდე ვიზრდებით და უფრო და უფრო პოპულარული ვხდებით ევროპის სხვადასხვა ქალაქებში", - აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.
ამასთან, დღევანდელ პრესკონფერენცას ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარიაც.
"სუხიშვილების გამოსვლა ვნახე სტრასბურგში, საკმაოდ მოკლე პროგრამა, მაგრამ მივხვდი, რომ ქართველი ვარ, არ ვარ გულჩვილი ადამიანი, მაგრამ ამ გამოსვლის ყურებისას თვალებზე ცრემლი მომადგა", - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.