საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები იმ პირთა სიას გამოაქვეყნებენ, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" საკრებულოში კვორუმის შედგენაში დაეხმარება , - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება დღეს საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დადგმული კიდევ ერთი თეატრალური წარმოდგენის მნახველი გახდება – თითქოს ისინი თავმჯდომარის გადაყენებას რეალურად აპირებენ.
"სინამდვილეში ეს არის ზაალ სამადაშვილისთვის სკამის შენარჩუნება. "ნაციონალური მოძრაობა" სხდომაზე ამ საკითხს გაიტანს, თუმცა ჩააგდებს, შედეგად კი სამადაშვილს სამი თვით გაუხანგრძლივდება თანამდებობაზე ყოფნა, რადგან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, შეუძლებელი გახდება საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლის საკითხის კიდევ ერთხელ დაყენება. ეს არის მოსახლეობის ინტერესების ფეხებზე დაკიდება", - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალაში შემავალ პირთა ინტერესებს ემსახურება, რის გამოც საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები პროცესს ემიჯნებიან.
"თუ "ნაციონალური მოძრაობა" სხდომაზე ამ გადაწყვეტილებას გაიტანს და საკითხი არ ჩავარდება, გამოვაქვეყნებთ იმ პირთა სიას, რომელთა მეშვეობითაც საკითხი არ ჩავარდა", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.