თემაზე - "საქართველო თამბაქოს გარეშე" ჯანდაცვის სამინისტროში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა.
ჟურნალისტებთან შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრმა დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გამყრელიძემ გამართეს. საუბარი თამბაქოს კონტროლის გამკაცრების სახელმწიფო სტრატეგიას შეეხო.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობის კანცელარიაში თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც დამტკიცდა კომისიის სამუშაო ჯგუფი. ასევე, სხდომაზე განხილეს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებისთვის საჭირო საგანმანათლებლო, აკრძალვითი, საგადასახადო და იურიდიული მიმართულებები.
მინისტრის ინფორმაციით, სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვას, თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადების მატებას, თამბაქოს პროდუქტების პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამის აკრძალვას, არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს ხელმისაწვდომობის შემცირებას და მწეველთათვის მოწევის თავის დანებების სერვისების განვითარებას.
აღნიშნული სახელმწიფო გეგმის პირველი ვერსია დამუშავების პროცესშია, მზად ორი კვრიაში იქნება, ხოლო რატიფიცირება ერთ თვეში დაიწყება.
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველო ჩართულია თამბაქოს კონტროლის საერთასორისო კონვენციაში, თუმცა კონვენციის ზოგიერთი მიმართულება საქართველოში არ სრულდება და მისი ამუშავება აუცილებლად უნდა მოხდეს.
მინისტრის თქმით, შესაბამისი ფინანსური შესწავლისა და ექსპერტების ჩარევის შემდეგ თამბაქოს ფასი ქვეყანაში გაიზრდება. თუმცა, სერგეენკოს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდება ეს და რამდენად გაიზრდება თამბაქოს ნაწარმი.
მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკვე 14 დღეა, თამბაქოს მოწევას თავი დააანება და იმავეს მოუწოდებს სხვებსაც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ყოველ წელს თამბაქოს მოხმარების მავნებლობით 11 ათასი ადამიანი იღუპება საქართველოში, მათ შორის სამი ათასამდე პასიური მწეველია.