ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები "ქართული ოცნების" მხრიდან თბილისის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვების მიზანს ემსახურება.
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების ადგილმონაცვლის არჩევის წესი იცვლება, მაჭავარიანი "ქართული ოცნების" მხრიდან თვითმმართველობებში უმრავლესობის მოპოვების მცდელობის გაგრძელებად აფასებს.
"თბილისის საკრებულო რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის მაჟორიტარმა, დატოვა. თბილისისთვის დიდი ბრძოლა მიდის. "ქართული ოცნებისთვის" მთავარია, თბილისის ხელმძღვანელობის ხელში ჩაგდება. მესმის, ეს ცვლილბები დამდგარიყო მაშინ, თუკი საკრებულოს ფუნქციონირების თვალსაზრისით რაიმე პრობლემა შეექმნებოდა. ახლა პრობლემა მხოლოდ ის არის, წევრთა რაოდენობა ვის უფრო მეტი ეყოლება" , - აცხადებს მაჭავარიანი.
მისი თქმით, დაგეგმილია "თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვით, თბილისის მერს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები შეუჩერდება და უფლება - დანიშნოს გამგებლები, საქალაქო სამსახურების უფროსები, საკრებულოს კომპეტენციაში გადავა.
მაჭავარიანის ინფორმაციით, "თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი მაშინვე იქნება წარმოდგენილი, რაც "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობიდან უმცირესობაში გადავა.