რუსთავის მეტალურგიული კომბინატის საჩამომსხმელო საამქროს მუშები დილიდან გაფიცული არიან.
გაფიცული მუშები ქარხნის ხელმძღვანელობისგან ხელფასების გაზრდას, დროულად დარიგებას, სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, სამედიცინო დაზღვევას და კუთვნილ შვებულებებს ითხოვენ.
როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ, ქარხნის ხელმძღვანელობა ისედაც მიზერულ ხელფასს ორ თვეში ერთხელ არიგებს; ვერ სარგებლობენ ბიულეტინით და ფასიანი შვებულებებით.
საჩამომსხმელო საამქროს გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ თუ ისინი სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან, ორ დღეში გაჩერდება მეორე საამქროც, ვინაიდან მექანიკურ საამქროს გამოელევა ნედლეული.
საწარმოს ტექნიკური დირექტორი მიხეილ ჯანიკაშვილი აცხადებს, რომ გაფიცულ მუშებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საწარმოს ხელმძღვანელობა თანახმაა, მუშების მოთხოვნები ეტაპობრივად დააკმაყოფილოს, თუმცა ამ ეტაპზე ხელფასების გაზრდა შესაძლებელი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს დღეისთვის საწარმოს გაფართოება, ტექნიკური გადაიარაღება, ხელფასების გაზრდა კი მხოლოდ თვენახევარში იქნება შესაძლებელი.
გაფიცული მუშები მოთხოვნების შესრულებამდე და კონკრეტული პასუხის გაცემამდე სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ.