თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ვიზიტის დროს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გზები დავსახეთ , - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეთ დავითოღლუმ თავის ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანას საქართველოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აკავშირებს. მისი თქმით, ეს ურთიერთობა არის ისტორიული, ხოლო ბოლო 20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა. აჰმედ დავითოღლუს განცხადებით, საქართველოში ძალიან ბევრი თურქი ინვესტორია და თურქული ინვესტიციების რაოდენობა ერთ მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, მისი თქმით, მილიარდნახევრიანი სავაჭრო ბრუნვაა ორ ქვეყანას შორის.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ისეთ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტები.
დავითოღლუმ ბათუმში, ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა. კერძოდ, საუბარია შეხვედრის ცალმხრივ ფორმატზე, რომელსაც თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ შორის რეგიონული მშვიდობის თვალსაზრისით. მისივე თქმით, მას ასევე დაგეგმილი აქვს ხვალ სულიერ ლიდერებთან შეხვედრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ კი აღნიშნა, რომ ქვეყანაში მთავრობის შეცვლის შემდეგ ეს არის აჰმედ დავითოღლუს პირველი ვიზიტი. ფანჯიკიძის განცხადებით, თურქეთი არის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის და ამ მთავრობის მიზანია ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ფანჯიკიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, არსებულ ვითარებას და შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას. ფანჯიკიძის განცხადებით, ხვალ გაგრძელდება ეს შეხვედრა ბათუმში, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუერთდება.