საქართველო მიესალმება ყველანაირ პირდაპირ უცხო ინვესტიციას ნებისმიერი ქვეყნიდან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ თავის თურქ კოლეგა, აჰმედ დავითოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც თურქი ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ დაფიქსირდა რამდენიმე თურქული კომერციული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა იყოს დაცული ინვესტიციები და ეს არის ახალი მთავრობის პოლიტიკა.
"მე არ ვიცი წარსულში რა ხდებოდა, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეპირდა ყველა ბიზნესს, ქართულსაც და უცხოურსაც, რომ საქართველოში მათი ინტერესები იქნება დაცული, მათი პირადი საკუთრება იქნება დაცული და ყველას ექნება საშუალება პატიოსანი ბიზნესი აწარმოოს საქართველოში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, თუკი ყველა მხრიდან იქნება ყველა წესი დაცული, მათ შორის ინვესტორების მხრიდანაც, მათ ბიზნესს საქართველოში არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. ამასთან, ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი მთავრობის მიდგომა ასეთია, ვინც არის დაინტერესებული, წესიერი, პატიოსანი ბიზნესის კეთებით, მას პრობლემები არ შეექმნება.