2005 წლიდან დღემდე, თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდში" და "თბილისის განვითარების ფონდში" თბილისის ბიუჯეტიდან 633 247 259 ლარი გადაირიცხა.
თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
"2012 წლის მაისში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იქნა კვლევა "რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა" რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი ააიპის -"ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და "თბილისის განვითარების ფონდის" მონაწილეობასა და წლების განმავლობაში ფონდებში თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხებს ეხებოდა.
ამასთან, ზემოთ აღნიშნული კვლევის გამოქვეყნების შემდეგაც, საია აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ამ მიმართულებით და არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას. მათ შორის, ინფორმაცია ფონდებში გადარიცხული თანხების შესახებ, რომლის მიხედვითაც: 2005 წლიდან - 2011 წლის 5 ივლისამდე, თბილისის ბიუჯეტიდან ორივე ფონდში 367 259 251 ლარი იყო გადარიცხული.
მიმდინარე წლის 27 მარტს კი საიასთვის დამატებით ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომელიც თბილისის განვითარების ფონდში, თბილისის ბიუჯეტიდან 2011 წლის 5 ივლისიდან დღემდე გადარიცხული თანხებს ეხება. თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით მითითებულ პერიოდში გადარიცხული თანხა 265 988 008 ლარს შეადგენს.
შესაბამისად, 2005 წლიდან დღემდე, თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ორივე ფონდში ჯამში სულ 633 247 259 ლარი იქნა გადარიცხული", -ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად თანხების თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხვისა, წლების განმავლობაში ფონდების მხრიდან არ ხდებოდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის გამოყენება. ეს გარემოება კი, ხელს უწყობდა აღნიშნული თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვას და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროცესში შესაძლო კორუფციული სქემების გამოყენების ალბათობას.
"ამასთან, თბილისის მერიას ღემდე არ გაუსაჯაროებია ფონდების მიერ წლების განმავლობაში თბილისის მერიაში წარდგენილი ანგარიშები",- ნათქვამია განცხადებაში.