40-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ რუსეთის ბაზარზე შესვლის ნებართვა მიიღო

40-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ რუსეთის ბაზარზე შესვლის ნებართვა მიიღო

რუსეთის სანიტარული სამსახური ქართული ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელ 40-ზე მეტ კომპანიას "მწვანე შუქს" კვირის ბოლოსთვის აუნთებს, - ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. 

როგორც რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო აცხადებს, კვირის ბოლოს ღვინის 44 სახეობა და ორი ფირმის კონიაკი დარეგისტრირდება.

"ქიმიური ანალიზები და ლაბორატორიული კვლევები, პრაქტიკულად, დასრულდა. ამჟამად მიმდინარეობს ნებართვის დოკუმენტაციის გაფორმება", - განაცხადა ონიშენკომ.

მისივე თქმით, ქართული პროდუქციის პირველი 40 სახეობა რუსეთის სახელმწიფო რეესტრში შევა, რის შემდეგაც ქართველი მწარმოებლები ექსპორტის დაწყებას შეძლებენ.

როგორც ონიშენკომ აღნიშნა, "როსპოტრებნადზორის" დელეგაცია საქართველოს 1-ელ აპრილს ეწვევა და ერთი კვირის განმავლობაში დარჩენილ საწარმოებს შეამოწმებს.

ამასთან, გუშინ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნების სურვილი 80-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ გამოთქვა, ინსპექტირების პირველ ეტაპზე კი, რუსმა ექსპერტებმა 40 კომპანია შეამოწმეს.