"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს მაჟორიტარობის კანდიდატების დოკუმენტაცია წარუდგინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატების - მირზა დავითაიას, ემზარ შუბლაძის და ვლადიმერ წიქორიძის დოკუმენტაცია ცესკო-ს უკვე წარუდგინა. 

დოკუმენტაცია ცესკო-ში უმცირესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა შეიტანა. "ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შერჩეული არიან იმ ნიშნით, რომ მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება საქმის კეთების საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ამ ოლქების მოქალაქეების პრობლემები და წუხილები. ჩვენ ვართ მოწმეები იმისა, რომ "ქართული ოცნება" არ ასრულებს საკუთარ პირობებს, რომელიც ძალიან უხვად დაარიგა არჩევნებამდე. ერთადერთი შანსი, რომ მინიმალურად მაინც მოხდეს ამ პირობების შესრულება არის ის, რომ იყოს აქტიური ოპოზიცია, აქტიური ადგილობრივი დეპუტატები და სწორედ ამ ნიშნით არიან ისინი შერჩეული, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" შუალედური არჩევნებისთვის სამ რაიონში წარსადგენი მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს Facebook-ის გვერდზე დაასახელა.

თბილისში, ნაძალადევის რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია. სამტრედიაში მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე იბრძოლებს, ხოლო ბაღდათის რაიონში - ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ (ხვიჩა) წიქორიძე.

ცესკო-ს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, კანდიდატების დოკუმენტაციას შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში 2 აპრილს გაატარებს. ამავე დღეს ცესკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით გამოაქვეყნებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში.

პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დოკუმენტაციის ცესკოსთვის წარდგენის ვადა 28 მარტს იწურება.

პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება.