"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან რუსთავის, გარდაბნისა და ასპინძის რამდენიმე მცხოვრებმა საპროტესტო აქცია გამართა. 

მათი ინფორმაციით, პარტია "ქართულ ოცნებაში" ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში გაწევრიანდნენ, თუმცა დღეს რაიონულ ორგანიზაციებში ეუბნებიან, რომ პარტიის წევრები არ არიან.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რაიონულ ორგანიზაციებში განუმარტეს, რომ მათი ანკეტები დაიკარგა. ანალოგიური პრობლემებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს გარდაბნისა და ასპინძის 10-მდე მცხოვრებმა.

გარდაბნელებმა რაიონის გამგებლად გელა ხუციშვილის დანიშვნაც გააპროტესტეს. დავით საგანელიძე აქციის მონაწილეებს საკითხში გარკვევას დაპირდა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ მხოლოდ პარტიის წევრობა სურთ, რეკომენდაციებს მათ თავად გაუწევს.

"ანკეტა შევავსე და დაიკარგა, ნაცნობი სიმღერაა. ეს ჩემთვის დამაჯერებელი არგუმენტი არ არის. ცალკეულ ადამიანებს აქვთ პრეტენზიები, რომ დამფუძნებელ კონფერენციაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. ვინც პარტიის წევრი არ არის, ის მონაწილეობას ვერ მიიღებს. რამდენს მოუნდება რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა და 20 მხარდამჭერს მოიყვანს, ყველაფერზე რეაგირება არასერიოზულია", - აღნიშნა საგანელიძემ.

დავით საგანელიძე დღეს აქციის რამდენიმე მონაწილესაც შეხვდა.