მმართველი უმრავლესობის განცხადებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ გასცდება.
კოალაცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მზად არიან, ამ თემის გარშემო უმცირესობასთან კონსულტაციები გააგრძელონ. მათ შორის განხილვის და პოზიციების შეჯერების მთავარ თემად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან წევრების არჩევის წესი რჩება.
"რეალურად ჩვენ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება იმიტომ გადავწიეთ, რომ წარმოდგენილი პროექტი რეგლამენტში საჭიროებდა ცვლილებების შეტანას. რეგლამენტმა უნდა დაადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან ასარჩევი წევრების არჩევის წესი. ახლა კი, ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ აირჩიოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვსი წარმომადგენელი და მზად ვარ, ამ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობასთან კონსულტაციები გავაგრძელო", _ განუცხადა ჟურნალისტებს საპრალამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
უმრავლესობის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ კი დღეს არ დააკონკრეტა, თუ რა ფორმულირება შეიძლება ჩაიდოს პარლამენტის რეგლამენტში, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან ასარჩევი წარმომადგენლების წესთან დაკავშირებით უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ გასცდება.
"ეს წესი მაქსიმალურად იქნება დაახლოებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან", – განაცხადა ხმალაძემ.
კონსულტაციები გაგრძელდება და მხარეები არ გამორიცხავენ, რომ შემდგომი მოლაპარაკებები ხვალაც გაიმართოს.