საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით იუსტიციის სახლში გამართული დღევანდელი კონსულტაციები კონკრეტული შეთანხმების და პოზიციების შეჯერების გარეშე დასრულდა.
უმცირესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონკრეტულ ახალ ვარიანტზე შეთანხმების მიღწევა შორის არის. კუბლაშვილის შეფასებით, პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო პროექტი სცილდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
მთავარი განხილვის საგანი მხარეებს შორის დღევანდელ შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან ასარჩევი 6 წევრის არჩევისა და დამტკიცების საკითხი იყო.
პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისია საკუთარ რეკომენდაციებში პირდაპირ მიუთითებს, რომ პარლამენტის ასარჩევი წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ან მაღალი ქვორუმით უნდა აირჩეს, რაც შესაძლოა იყოს 2/3-იანი ქვორუმი, ან უნდა მოხდეს კვოტირება, რათა ოპოზიციის მონაწილეობა საკითხის გადაწყვეტაში იყოს არსებითი.
კუბლაშვილის თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია წარმოდგენილ პროექტში ასახული არ არის და მასზე, ჯერჯერობით, პოზიციების შეჯერება ვერ მოხდა. მხარეები, სავარაუდოდ, კონსულტაციებს ამ თემაზე გააგრძელებენ. გამორიცხული არ არის, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ხვალ გაიმართოს.