საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გასული კვირის საქართველოს ჯანდაცვის სექტორში განვითარებული მოვლენები და საკითხები შეაჯამა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამით უკვე მილიონამდე მომხმარებელმა ისარგებლა და აღნიშნული სახელწიფო სამედიცინო პროექტი წარმატებით ხორციელდება.
დავით სერგეენკომ გასულ კვირას აჭარის რეგიონში ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების საკითხსაც შეეხო. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს დიდი ტრაგედიაა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას და მასმედიას მოუწოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით წინასწარ დასკვნებს ნუ გააკეთებენ და აღნიშნა, რომ სულ მალე იქნება დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ნათელი გახდება, რეალურად რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, გოგიტა აბაშიძის გარდაცვალება მხოლოდ შიმშილს არ გამოუწვევია და ბავშვს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა და კვების შერჩევის პრობლემაც ჰქონდა. დავით სერგენკომ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებში სოციალური მუშაკების კადრებს გადახედავს.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ებრაულ კომპანია "ადითის" შესახებაც ისაუბრა, რომელიც რეგიონებში საავადმყოფოებს აშენებს. მინისტრის განმარტებით, თავის დროზე გაფორმებული ხელშეკრულება კაბალური აღმოჩნდა. მისი გადახედვა აუცილებლად მოხდება, ვინაიდან დედოფლის წყაროში, ხარაგაულში, ვანსა და გურიის რეგიონის სამივე რაიონულ ცენტრში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულებული არ არის. როგორც მინისტრმა განაცხადა, დედოფლის წყაროში აგური აგურზეც არ არის დადებული.
ჯანდაცვის მინისტრი ონკოლოგიური ცენტრის პრობლემებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალს შორის დაპირისპირებაა. ”ამ საკითხებში ჯანდაცვის სამინისტრო ვერ და არ ჩაერევა, მხოლო და მხოლოდ ჯანდაცვის უწყების კომპეტენციით იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებს და ონკოლოგიური საავადმყოფო გათვალისწინებულ ვადებში არ იქნება გარემონტებული და სამედიცინო მომსახურებისთვის მზად”-აღნიშნა მინისტრმა.