საფრანგეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლის (ENA) დირექტორმა სკოლის მედალი გადასცა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, წულუკიანი საფრანგეთის სახელმწიფო მართვის ეროვნულ სკოლას, სადაც ის 1998-2000 წლებში სწავლობდა 25 მარტს ეწვია. დირექტორმა, ნატალი ლუაზომ კი ქართველი მინისტრი სკოლის მედლით "მის მიერ განვლილი, გამორჩეული გზისთვის" დააჯილდოვა.
"იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, რომლის მიღების საშუალებაც საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა სასწავლებელმა მისცა. სახელმწიფო მართვის ეროვნულ სკოლის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მსახურობდა, 2012 წლიდან კი ის საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ENA-ში მიღებული განათლების მნიშვნელობას მის კარიერაში და გამოთქვა მზადყოფნა, რომ სტრასბურგში მყოფი ENA-ს ამჟამინდელი გამოშვების სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხოს", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
მათივე ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საფრანგეთის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლის დირექტორმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.
"განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა - სწავლების ერთობლივი პროექტებისა და ერთობლივი ქართულ-ფრანგული სემინარების ორგანიზება სტუდენტებისათვის, ფრანგი ექსპერტების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა საქართველოში და სხვა", - განმარტავენ უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის სახელმწიფო მართვის ეროვნულ სკოლაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ENA-ს ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.