გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციისთვის განკუთვნილი ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. სულ პაკეტში 47 საკანონმდებლო ცვლილება იყო შესული .
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, ამ ცვლილებების დამტკიცების შედეგად, სამინისტროს სახელი გადაერქმევა და მას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დაერქმევა.
ამასთან, სამინისტროში იქმნება სამი ახალი საქვეუწყებო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძოდ, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
"ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ გასული წლის დეკემბრიდან და ეს გრძელდებოდა რამდენიმე თვე. ეს არის ძალიან დიდი რამ. ამ სამინისტროსთვის პირვანდელი სახის დაბრუნება იყო "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაპირება და ჩვენ ყველა დაპირებას ავასრულებთ ამ მიმართულებით. ძალიან დრამატული სიტუაციაა შექმნილი ამ სფეროში და ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით, ახალი სამსახურების დასაკომპლექტებლად დაემატება 600 შტატი, მომავალ წელს კი 200-300.